ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობა ფაქტით გაკვირვებულია.
ბჟანიამ პოზნერს დაბადების დღეც მიულოცა და ოკუპირებულ რეგიონში დაპატიჟა.
"აფხაზეთის მოსახლეობა შეცბუნებულია იმით, თუ რა მოხდა თბილისში. ე.წ. კავკასიელების ქმედებებმა, რომლებმაც კავკასიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს, შესაძლოა მხოლოდ აღშფოთება გამოიწვიოს. აფხაზეთში ყოველთვის გელიან და გეპატიჟებით ჩვენთან, თქვენთვის ხელსაყრელ დროს", - ამბობს ბჟანია.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.
აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.
მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".